დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრების გადაყვანა აღდგა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 25 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიხსნება. შესაბამისი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხომის დასრულების შემდეგ გაკეთდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას კომპანია “ინტერტრანსი” ავრცელებს.
“კომპანია ინტერტრანსი გაცნობებთ, რომ 25 თებერვლიდან რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგება.
ღამის საათებში, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, ინტერტრანსის დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ.
კერძოდ: რუსთავიდან პირველი მარშრუტი 08:00 საათზე შესრულდება.
ბოლო სატრანსპორტო საშუალება დედაქალაქის მიმართულებით 18:00 საათზე გავა;
თბილისიდან რუსთავის მიმართულებით პირველი მარშრუტი 09:00 საათზე შესრულდება. ბოლო სატრანსპორტო საშუალება თბილისიდან რუსთავის მიმართულებით 19:00 საათზე გავა;
(თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გრაფიკთან დაკავშირებით დამატებითი ცვლილებები განხორციელდა ამის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება) კომპანია „ინტერტრანსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და მგზავრს რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს.
ამასთან ერთად მოგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, კომპანია ინტერტრანსი სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთავანვე ყოველ დღე ჩაუტარებს დეზინფექციას.
„ინტერტრანსი“ კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს, მიკროავტობუსებით გადაადგილებისას დაიცვას უსაფრთხოების წესები”, – ნათქვამია განცხადებაში.