რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 9 კოვიდინფიცირებულიდან 2 სკოლის მოსწავლეა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია
მთავრობა სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე Stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 362 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 33, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 36, კახეთი – 18, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები აცხადებენ 9 ახალი შემთხვევიდან, 4 ცაგერის მუნიციპალიტეტს, ხოლო 5 ამბროლაურს უკავშირდება.
„ცაგერში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეა, ამიტომ ეპიდემიოლოგებმა 2 კლასის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილება მივიღეთ“,- აცხადებს „რეგიონულ კვირასთან“ ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი.
ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორის ნუნუ კოპალიანის განმარტებით, ინფიცირებულები მეხუთე და მეშვიდე კლასელები არიან.
“სამწუხაროდ მათი ანალიზის პასუხები დადებითი აღმოჩნდა. ადგილობრივმა ჯანდაცვის ცენტრმა, რესურსცენტრის ადმინისტრაციამ და სკოლის დირექციამ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და დღეიდან ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მეხუთე და მეშვიდე კლასები დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა“,-განაცხადა საჯარო სკოლის დირექტორმა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ამ მომენტისთვის თვითიზოლაციაში 80- მდე ადამიანი იმყოფება.