რუსთავში ერთ-ერთი ძველი უბნის რეაბილიტაცია იწყება
რუსთავში კიდევ ერთი ისტორიული უბნის რეაბილიტაცია იწყება რუსთაველის და ჭავჭავაძის სახელობის ქუჩების ტროტუარების და შენობების ფასადების სარესტავრაციო სამუშაოები რამოდნიმე დღეში დაიწყება.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია რუსთაველის ქუჩის #4, #8-#12 #16 და ჭავჭავაძის ქუჩის #6, #8 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სრულად აღდგება კორპუსების ფასადები და დამონტაჟდება განათებები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცხოვრებელი შენობების მიმდებარე ტერიტორიას – დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, გაზონები და სარწყავი სისტემა, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებს შორის განთავსდება ლითონის დეკორატიული ღობე, განახლდება გარე განათების ქსელი.
ტებნდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება რუსთავის მერიაში დღეს გაფორმდა. ხელშეკრულების გაფორმებამდე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე შეხვდნენ.
,,რუსთავში კიდევ ერთი ისტორიული ქუჩის რეაბილიტაციას ვიწყებთ. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება. თქვენ იცით, რომ ეს საკმაოდ გრძელი ქუჩაა, შესაბამისად მისი აღდგენაც ეტაპობრივად მოხდება. ეს პირველი ეტაპია, სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულდეს. შემდეგ წლებში პროცესი გაგრძელდება და მოხდება ამ ქუჩის სრული რეაბილიტაცია”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 400 000 ლარია და ის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. რუსთავის ძველი უბნების რეაბილიტაცია ქალაქის მუნიციპალიტეტმა უკვე რამოდენიმე წელია, რაც დაიწყო. მთლიანად რესტავრირებულია რუსთავის მთავარი პროსპექტი- კოსტავას გამზირი, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარებულია კონსტიტუციის ქუჩაზე, ამჟამად მიმდინარეობს ქალაქის თეატრის მიმდებარედ არსებული ძველი სკვერის რეაბილიტაციაც.