გიორგი სახოკიამ გურიაში კოვიდის მართვის რეგიონულ შტაბში შეხვედრაზე ინფიცირების რიცხვის შესამცირებლად სამომავლო ნაბიჯები განიხილა
სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად რეგიონში ეპიდვითარება განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ის ნაბიჯები განიხილეს, რომელიც რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვის შესამცირებლად უნდა გადაიდგას.
შეხვედრას რწმუნებულის რეგიონული საბჭოს წევრების გარდა, მუნიციპალიტეტების მერებიც დაესწრნენ.
რეგიონული შტაბის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი სახოკიამ კოვიდის მართვის საპილოტე რეჟიმში ჩართული სოფლის ამბულატორიები მოინახულა, სადაც სოფლის მოსახლეობას უფასო ტესტირება უტარდება, რისთვისაც ადრე ადგილობრივებს ადმინისტრაციულ ცენტრში ჩასვლა უწევდათ.
23 თებერვლის მონაცემებით, გურიის რეგიონში 329 კოვიდდადებითი პაციენტია: ოზურგეთში – 222, ლანჩხუთში – 34, ჩოხატაურში – 73, აქედან, 38 – მკურნალობს კლინიკაში; დაფიქსირებულია გარდაცვალების 55 შემთხვევა, ჯამში, რეგიონში ინფიცირების 5 %-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში დაინფიცირების 40 ფაქტი გამოვლინდა.