მილიონერი ქველმოქმედი, რომელიც სამშობლოზე ემიგრაციიდან ზრუნავდა – უცნობი ისტორიები აკაკი ხოშტარიასა და მის სახლზე
სამეგრელოს ერთ პატარა სოფელში, სუჯუნაში ყველასგან გამორჩეული სახლი დგას. ეს სახლი უდიდესი ქართველის, მეცენატის, ეროვნული საქმეების დამფინანსებლის აკაკი ხოშტარიასი გახლდათ, რომელიც დედას აუშენა. თავადაც ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა, ვიდრე მილიონერი გახდებოდა.
აკაკი ხოშტარია ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არ არის თუმცა, მისი ღვაწლი სხვა სახელმოხვეჭილ ქართველებს არ ჩამოუვარდება. ხოშტარია აქტიურ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. 1907 წელს თბილისში ახლადშექმნილ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ბაქოდან 8 ათასი მანეთი გამოუგზავნა. 1920 წელს მანვე შეიძინა საზღვარგარეთ 4 სამხედრო გემი და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას გადასცა საჩუქრად. აფინანსებდა ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ. ეს მისი საქველმოქმედო საქმიანობის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
“რეგიონული კვირა” სოფელ სუჯუნაში იმყოფებოდა და ცნობილი სახლიც მოვინახულეთ. სახლი საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის და ახლა აქ დედათა მონასტრის დედაოები ცხოვრებენ.