ბოლნისის მერმა 2020 წლის ანგარიში წარადგინა-როგორ აფასებენ ადგილობრივები მერიის საქმიანობას
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორსა და მედიას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა.
„მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას დღეს 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. მოგეხსენებათ, 2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, გამოწვევებით სავსე წელი იყო. საკარანტინო პერიოდის განმავლობაში მერია მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩვენ ჯამში 13 500 სასურსათო პაკეტი დავარიგეთ. საკარანტინო პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის ჩვენს მედიკოსებს, პოლიციელებსა და მოხალისეებს მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა არ შეწყვეტილა. 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 11 მილიონამდე ლარის ღირებულების 149 ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით განვახორციელეთ. გასულ წელს კი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, 3 300 000 ლარი დავხარჯეთ. დარწმუნებული ვარ, 2021 წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის კვლავ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
მერმა ასევე 2020 წელს, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში მოქალაქეების დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებაც დეტალურად ისაუბრა.
ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული კოვიდრეგულაციების სრული დაცვით წარიმართა.
თუ როგორ აფასებს მოსახლეობა მათ საცხოვრებელ გარემოში მიმდინარე პროექტებს, “რეგიონულმა კვირამ” ადგილობრივები ბოლნისში გამოკითხა.