მოსახლეობამ უმეტესწილად გზების რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა აირჩია-ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ამბროლაურის მერია ავრცელებს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე სოფლების- ბაჯი, ღადიში, პატარა ონი, ტბეთი, ხონჭიორი, ნამანევი, შავრა, თხმორი, ღვარდია, ცახი, გოგოლათის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფლებში მოსახლეობამ უმეტესწილად პრიორიტეტებად გზების რეაბილიტაცია, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება და გარე განათების მოწყობა განსაზღვრა.
,,პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თავად განსაზღვრავს. შესაბამისად, ეს პროგრამა მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს მათი სოფლისთვისა და თემისთვის პრიორიტეტების შერჩევაში”, – აღნიშნა ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ. ცნობისათვის, 23 თებერვალს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლების ჩორჯოს, პირველი და მეორე ტოლის, ჭრებალოს, ჭყვიშის, ქვიშარის, ქვედა შავრის, ჟოშხისა და გენდუშის მაცხოვრებლებს შეხვდებიან. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ამბროლაურში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 5 მარტამდე გაგრძელდება.