ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 612 000 ლარი დაიხარჯება

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

22 თებერვალს დასახლებების საერთო კრებები გაიმართა მინაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ახალციხის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და დეპუტატი ესწრებოდნენ. მათ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

ცნობისთვის, 2021 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება.

მერიის ინფორმაციით, თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო . მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტენ რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

შეგახსენებთ, რომ საკონსულტაციო შეხვედრები 22 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები