ირაკლი ღარიბაშვილი: ვაღიაროთ, ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფოსგან ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გაეცა მარგინალური ძალების მიერ ორგანიზებულ ძალადობას
ვაღიაროთ, ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფოსგან ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გაეცა მარგინალური ძალების მიერ ორგანიზებულ ძალადობას, – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, რომელსაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში უსმენენ.
ღარიბაშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ რადიკალიზმი, დესტრუქციულობა დღევანდელ რეალობაში პოლიტიკად საღდება, ხოლო ძალადობა – გმირობად.
„სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ანტისახელმწიფო ძალების გარკვეულ წრეებში ჯერაც პოპულარობით სარგებლობენ მარგინალები, რომლებიც იმაზე ფიქრში იძინებენ და იღვიძებენ, თუ როგორ ისარგებლონ უკმაყოფილობის განწყობებით, რომელიც ობიექტური მიზეზებით, მათივე მონაწილეობით ქვეყანაში შეიქმნა. საზოგადოების უდიდესი ნაწილი კარგად ხედავს ამ მცირე, მაგრამ ხმაურიანი ძალების ზრახვებს, მიზნებს, იმას თუ რისთვის სჭირდებათ მათ საზოგადოების დაყოფა და არა ერთიანობა. ისინი მუდმივად ქაოსისა და არეულობისაკენ ისწრაფვიან, რადგან სრული უსუსურობისა და მარცხის ფონზე, მხოლოდ ასე შეუძლიათ მიიპყრონ ყურადღება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.