მეუფე გრიგოლი: მეუფე ზენონის რაიმე დანაშაულს და გადაცდომას ვერ ვხედავ
“მეუფე ზენონის რაიმე დანაშაულს და გადაცდომას ვერ ვხედავ, არამედ ყველაფერი მოქმედ დებულებასთან იყო თავსებადი”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“პატრიარქს ჩვენ პატივს ვცემთ, ჩვენი ეკლესიის მეთაურია და უხუცესი ადამიანია, მღდელმთავრები თითქოს სკოლის დამნაშავე მოსწავლეებივით გამოგყავთ. მეუფე ზენონის ქმედება, რომ განტევება მისცა თავის ერთ-ერთ მღვდელს, არანაირად წინააღმდეგობაში არ მოდის დღემდე მოქმედ საეკლესიო გამგეობის დებულებასთან და სწორედ იმიტომ, რომ წინააღმდეგობაში არ მოდის და დღემდე ეს მუხლი იქ არ ყოფილა, სინოდმა იმსჯელა და დაამატა ეს მუხლი, შეიტანა ცვლილება, რომ როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ გადადის შემდგომი მსახურებისათვის, რა თქმა უნდა ეს უნდა შეთანხმებულიყო კათოლოკოს პატრიარქთან, მაგრამ დებულებაში ეს ასახული არ ყოფილა. თითოეულ მღდელმთავარს აქვს უფლება განუტევოს სასულიერო პირს თავის ეპარქიიდან, მისცეს მას განტევების ფურცელი, განტევების სიგელი, თუმცა იქ არ იყო მითითებული და დღეს განსაკუთრებით გამოიყო, რომ როდესაც უცხოეთში მიდის მაშინ პატრიარქთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. მე აქ მეუფე ზენონის რაიმე დანაშაულს ვერ ვხედავ და გადაცდომას ვერ ვხედავ, არამედ ყველაფერი მოქმედ დებულებასთან იყო თავსებადი”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მეუფე გრიგოლის თქმით, სინოდალური კომისია უნდა შეიქმნას, მაგრამ როდის ამის თქმა უჭირს. ამბობს, რომ ეს კათოლიკოს-პატრიარქზეა დამოკიდებული.
“სინოდალური კომისია რომ უნდა შეიქმნას ამის შესახებ სინოდის დადგენილებაში წერია, მაგრამ მე მგონი ჯერ-ჯერობით არც არის შექმნილი. ალბათ კომისია, რომ შეიქმნება მერე გაირკვევა მთელი რიგი საკითხები, ვერ გეტყვით ზუსტად. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სინოდსაც კი ვერ დავესწარი განსაკუთრებული ვითარებიდან გამომდინარე და ამიტომ დეტალურად იქ რა იყო არ ვიცი. ვიცი ის, რაც დადგენილაბაში აისახა და დადგენილებით მე ის წავიკითხე, რომ ზოგადად კომისია შეიქმნება, მაგრამ როდის შეიქმნება ამის თქმა მიჭირს. როგორც ჩანს კათოლიკოსზეა დამოკიდებული, სინოდის თავმჯდომარეზე,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.