შსს: “მთავარი არხის” მიერ დასახელებული პირი შსს-ის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი 2019 წლიდან აღარ არის

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი “მთავარ არხზე” გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზურაბ ჭყოიძე შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას 2019 წლიდან აღარ იკავებს.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ “მთავარ არხზე”გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მტკიცებით ფორმაში ითქვა, რომ იმერეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, ზურაბ ჭყოიძის სახლი გაძარცვეს.

არც გადაცემის ავტორს, არც პროდიუსერს და არც ჟურნალისტს, რომელიც ამ თემაზე მუშაობდა, გადაცემის ეთერში გასვლამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არ დაურეკავს. გადაცემის ავტორი კი მტკიცებით ფორმაში აცხადებდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი გაძარცვეს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ “მთავარი არხის” მიერ დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი არ არის და აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლიდან აღარ მუშაობს.

რაც შეეხება ხარაგაულში მომხდარ ქურდობის ფაქტს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. აქვე, იმასაც აღვნიშნავთ, რომ საცხოვრებელი სახლი ზურაბ ჭყოიძეს არ ეკუთვნის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები