“ორშაბათამდე მოვუგვარებთ დროებითი საცხოვრებლის პრობლემას” – ზუგდიდის მერიასთან მარტოხელა დედამ შიმშილობა დაიწყო
ზუგდიდში, სოციალურ სააგენტოსთან მოშიმშილე ქალს დახმარებას დაპირდნენ.
აფხაზეთიდან დევნილი, ორი შვილის დედა ანი ხოფერია საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას დილიდან ითხოვს.
როგორც “რეგიონულ კვირას” 32 წლის მარტოხელა დედამ უთხრა, წლებია რიგში დგას, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, რომ მისთვის ბინის გადაცემის შეფერხება პროცედურულ საკითხთანაა დაკავშირებული.
ხოფერიას განმარტებით, თუ მისი პრობლემა არ მოგვარდება ის შიმშილობას გააგრძელებს.
“რეგიონული კვირას” ზუგდიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა, რომ ოჯახის პრობლემა ორშაბათამდე მოგვარდება.
“იგი აუცილებლად დაკმაყოფილდება ბინით, მანამდე კი დროებითი საცხოვრებელის პოვნასა და ქირის გადახდაში მას სახელმწიფო დაეხმარება. გარეთ ცივა და ვურჩევთ ახალგაზრდა ქალს, ნუ დადგება სიცივეში, ისევ მისი და მისი შვილების საკეთილდღეოდ. მაქსიმუმ ორშაბათამდე მოვუგვარებთ დროებითი საცხოვრებლის პრობლემას”,- განუცხადა ,,რეგიონულ კვირას” გელა ნაჭყებიამ.