ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბიძინა ესებუას საქმის არსებითი განხილვა 4 მარტს ჩაინიშნა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, “საქართველოს ბანკზე” შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა ხათუნა ჯანაშიამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, დღევანდელ სხომაზე მოსამართლე შოთა ბაჭიამ ყველა წარდგენილი მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
მისი განმარტებით, ამის შემდეგ უკვე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.
“ჩვენ მოვითხოვეთ აღკვეთის შეცვლა 15 000-ლარიანი გირაოთი, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა”,- თქვა “რეგიონულ კვირასთან” ადვოკატმა.
მომდევნო სასამართლო სხომა 4 მარტს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, ბიძინა ესებუას სახელმწიფო ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში შეიარაღებული პირი “საქართველოს ბანკში” შეიჭრა. თავდამსხმელმა ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა და უსაფრთხოების გარანტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ტყვეების დახოცვით იმუქრებოდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს. მათი ინფორმაციით, ის ზუგდიდის სოფელ ალერტკარის მცხოვრები, 32 წლის ბადრი ესებუაა. უწყება საქმეს სსკ-ის 236-ე, 323-ე, და 329-ე მუხლებით იძიებს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.