ონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები 10 მარტამდე გაგრძელდება
ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი 18 თებერვალს გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში – გომში, ჯინჭვისსა და ლაგვანთაში იმყოფებოდა.
მერიის ცნობით, აღნიშნულ დასახლებებში ჩატარებულ შეხვედრებზე მოსახლეობას საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაეწიათ.
შეხვედრებზე, ასევე, აღინიშნა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე.
„სოფელ ლაგვანთასა და გომში მოსახლეობამ პრიორიტეტად სპორტული მოედნების მოწყობა დაასახელა, ჯინჭვისში ადგილობრივებმა სპორტული სტადიონის გვერდით სველი წერტილების მოწყობას დაუჭირეს მხარი“,-განაცხადეს მერიაში.
ცნობისათვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ონის მუნიციპალიტეტში 10 მარტს დასრულდება.