“პრიორიტეტი სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას ენიჭება”-წაღვერში საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა
ბორჯომის მერიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაბა წაღვერში მცხოვრებ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოვლინდა ის პრიორიტეტული პროექტი, რასაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა მოხმარდება. წაღვერში მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით დაბის ცენტრში არსებული სანიაღვრე არხის მოწესრიგება და კეთილმოწყობა მოითხოვეს.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები გაიმართა დაბაში, ტიმოთესუბანსა და მზეთამზეში. მზეთამზეში ადგილობრივებმა სპორტულ მოედნამდე მისასვლელ გზაზე განათების დამონტაჟება მოითხოვეს, დაბაში ფანჩატურის მოწყობა და სკვერის რეაბილიტაცია შეირჩა, რაც შეეხება ტიმოთესუბანს აქ პრიორიტეტად თავშეყრის ადგილის კეთილმოწყობა დასახელდა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვლამდე გაგრძელდება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასურველ პროექტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში შეარჩევენ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.