30 წლის შემდეგ პირველად, მუხურის მღვიმეში ექსპედიცია ჩავიდა
პირველად, 30 წლის შემდეგ სპელეო კლუბის “Caving Georgia” წევრები სადაზვერვო ექსპედიციით მუხურის მღვიმეში ჩავიდნენ. მყვინთავების გუნდმა აქამდე ცნობილი ოთხი სიფონიდან (გუბურა) სამი წარმატებით გაიარეს. სპელეოლოგების თქმით, 900 მეტრიან მღვიმეში ულამაზესი სანახაობა დახვდათ. ისინი გამოქვაბულის მაქსიმალურად შესწავლას გეგმავენ.
კლუბის წევრების განცხადებით, მღვიმე 15 მეტრიანი ჩანჩქერის მიღმა არასოდეს გამოკვლეულა და ისინი ზაფხულში სწორედ ამ ადგილის მონახულებას გეგმავენ.
“მოლოდინი გვაქვს, რომ ჩანჩქერის მიღმა კიდევ გრძელდება მღვიმე. რადგან წყალი გადმოდის შეიძლება იყოს სიფონები და დარბაზები. ზოგადად სამეგრელოს მიწისქვეშეთი ძალიან საინტერესოა, მათ შორის, ჩხოროწყუს მღვიმეები. ჩვენი ინფორმაციით, მუხურის მღვიმეში ბოლო 30 წლის განმავლობაში მეორე სიფონის მიღმა არავინ ყოფილა. წყალგამტარ გადასასვლელში, რომელიც წყლით იყო სავსე, აღმოვაჩინეთ მყვინთავების წონა, რომელიც 1991 წელს ჩასულ ერთ – ერთ მყვინთავს უნდა ეკუთვნოდეს”, – გვითხრა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა შორენა ტატიშვილმა.
მუხურში კლუბის წევრებს ადგილობრივმა სპელეოლოგმა იგორ ფიჩხაიამ უმასპინძლა.მისი თქმით, ჩხოროწყუში 20-მდე მღვიმეა და მათი დიდი ნაწილი შესწავლილი არ არის. სპელეოლოგი თვლის, რომ ამ მღვიმეების გამოკვლევას ტურიზმის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
გამოქვაბული პირველად, ადგილობრივი სპელეოლოგის იგორ ფიჩხაიას მხარდაჭერით, ცნობილი მყვინთავების გუნდმა (ვიქტორ კომაროვი, ვლადიმერ კისელიოვი, ალექსეი შუმსკი) 1991 წელს გამოიკვლია.