“ახალციხის ციხის პოპულარიზაცია და კომერციული მიმზიდველობის გაუმჯობესება”- ახალციხეში ონლაინ შეხვედრა ჩატარდა
USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და სამცხე-ჯავახეთის ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO), ერთობლივი ორგნიზებით თემაზე „ახალციხის ციხის პოპულარიზაცია და კომერციული მიმზიდველობის გაუმჯობესება“ ონლაინშეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახალციხის ციხის – ისტორიულ-კულტურული ძეგლის კომერციალიზაციის გეგმის მომზადებისა და ეფექტური მმართველობის მოდელის შემუშავების ხელშეწყობაა.
შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციის, ა(ა)იპ ახალციხის ციხის, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის, სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის მართვის ორგანიზაციისა (DMO) და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ონლაინ შეხვედრაზე დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს ახალციხის ციხის კომერციალიზაციის გეგმის მომზადებისა და ეფექტური მმართველობის მოდელის შემუშავების შესახებ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს შეხვედრის მონაწილე საჯარო სექტორისა და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა.