ინტენსიური თოვის გამო მცხეთა-მთიანეთში ათობით სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ინტენსიურმა თოვამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ათობით სოფელი. ამის შესახებ ინფორმაციას მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“დუშეთის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია არ მიეწოდება ჭოპორტს, ახატანს, ბულაჩაურს, მლაშეს, წითელსოფელს, ჩარგალს, თვალივს, ანანურს, ჭართალს, გუდამაყარს, დიდველს, ფასანაურს ხეობას, ჟინვალს, არაგვისპირს, ბოდორნას, გრემისხევს.
ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა კობში და გუდაურშიც, ფასანაურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა 110-მეტრიანი გადამცემი ხაზი.
რაც შეეხება მცხეთის მუნიციპალიტეტს, ამ დროისთვის საგურამო, შანკევანი, ბურიანი, გალავანი და ჯიღაურა, ნიჩბისი, აღდგომიაანთკარი, წილკანი, ერედა, ფრეზეთი, ქსოვრისი ძალისი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მცხეთა მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგა ყაზბეგის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შემთხვევების ადგილებზე არინ გასულები, მიმდინარეობს დაზიანებული ფიდერების და ქვესადგურების აღდგენითი სამუშაოები. პრობლემის ოპერატიულად მოგვარების გამო ენერგო-პრო ჯორჯიამ რეგიონში დამატებითი ტექნიკური ჯგუფები გაგზავნა.