პრიორიტეტები პიპილეთის თემის მოსახლეობამ თავად შეარჩია-ონში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამა დაიწყო
ონის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებიდაიწყო. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს. მათი განცხადებით, პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი 16 თებერვალს პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა და მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა გამართა.
სოფელ პიპილეთის თემის სოფლებში პიპილეთი, ონჭევი, ჟაშქვასა და სორგითში საერთო კრებების სხდომები ჩატარდა, მოსახლეობას საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული, რომელსაც ზუსტად განსაზღვრავს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ -სახელმძღვანელო. „სოფელ პიპილეთსა და ჟაშქვაში მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელა, სოფელ სორგითში წყლის სისტემის მოწესრიგება და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სოფელ ონჭევში კი შიდა საუბნო გზების მოწყობა და წყლის რეზერვუარის მოწყობა აირჩიეს პრიორიტეტებში “,- განაცხადეს ონის მერიაში.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტში 10 მარტამდე გაგრძელდება.