“პროკურატურამ ღირსებისა და პატივის შემლახველი ქმედება ჩაიდინა მთელი სამედიცინო საზოგადოების მიმართ” – აფხაზეთში ე.წ. ექიმების საქმე სულ უფრო რეზონანსული ხდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ.ექიმების საქმის განხილვა და მის ირგვლივ რეზონანსი დღითიდღე იზრდება.

ე.წ. გენერალური პროკურატურა სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმს – აპოლონ გურგულიასა და მის მოადგილეს, გიორგი ვოუბას ​უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რომელიც ფასიანი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას გულისხმობს.

ე.წ.პროკურატურის ვერსიით, ვოუბამ გურგულია დაითანხმა იმაზე, რომ საავადმყოფოს ლაბორატორიამ, მოგების მიღების მიზნით, კვლევები ფასიანი გახადოს.

“საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, საავადმყოფოს ბუღალტერი, ასლან წკუა, საქმიანობისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ინდმეწარმის სახით დარეგისტრირდა და ჯანდაცვის სამინისტროში სამედიცინო საქმიანობისთვის ლიცენზია მიიღო. ამის შემდეგ აპოლონ გურგულიამ ასლან წკუასთან ლაბორატორიული კვლევების საწარმოებლად შეთანხმება დადო, რომელსაც აწარმოებდნენ ექიმ -ლაბორანტები: არგუნი, ბარციცი, პოლუგოდკინა, ახუბა, აჟიბა, ამაბა და ტრაპში. ჯამურად, 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის იანვრამდე ჩატარებულ იქნა 788 ლაბორატორიული კვლევა, რამაც საავადმყოფოსა და მისი თანამშრომლების რეპუტაციას ზიანი მიაყენა. აღნიშნულმა საქმიანობამ ბიუჯეტი 2,9 მილიონი რუბლით დააზარალა”, – აღნიშნავს ე.წ.პროკურატურა.

9 თებერვალს ე.წ.პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ დამატებითი პროცესუალური შემოწმების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 10 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში ექიმების დასაკავებლად ე.წ.სპეცრაზმიც შევიდა, თუმცა, მედიკოსები ე.წ.ძალოვანებს ადგილზე არ დახვდნენ. 11 თებერვალს კი ე.წ.პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში ვოუბასა და გურგულიას დაკავების ოპერაცია არ ტარდებოდა.

ე.წ.პროკურატურის ქმედებამ სამედიცინო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რომელმაც ე.წ.პარლამენტს მიმართა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიასა და შენობაში ე.წ.სპეცრაზმის ქმედება დაგმო.

კერძოდ, მედიკოსები აცხადებენ, რომ 10 თებერვალს “პროკურატურამ აგრესიული, დამამცირებელი და ღირსებისა და პატივის შემლახველი ქმედება ჩაიდინა როგორც ცალკეული ექიმების, ისე, მთელი სამედიცინო საზოგადოების მიმართ. ასევე, იყო ვოუბასა და გურგულიას დაკავების მცდელობა, რაც წარუმატებლად დასრულდა”.

გუშინ კი სოხუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები