მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის ინფორმაციით რეგიონში სწავლის პროცესი რეგულაციების დაცვით შეუფერხებლად საკლასო ოთახებში მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურის საჯარო სკოლა დაათვალიერა, მხარის პირველი პირი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. დავით ნოზაძე  პედაგოგების სამუშაო პირობებს და მოსწავლეების სწავლის პროცესს გაეცნო.

მხარის პირველი პირი დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობს დადგენილი რეგულაციების აღსრულება, რომელიც კორონა-ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით არის შემუშავებული.

ანანურის საჯარო სკოლაში 75 მოსწავლე სწავლობს, სკოლის დირექტორის განცხადებით კლასებში მოსწავლეების სრული დასწრება ფიქსირდება. ხდება  პანდემიის საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვაც, მოსწავლეები და პედაგოგები ყოველდღიურ რეჟიმში იტარებენ თერმოსკრინინგს, ხდება ხელების და სველი წერტილების სპეციალური ხსნარებით დამუშავება, ასევე გაკვეთილის მიმდინარეობის დროს   საკლასო ოთახებში მოსწავლეებს მეხუთე კლასიდან პირბადის ტარების ვალდებულება აქვთ.

„სწავლის პროცესი აღდგენილია სრულად, სწავლა რეგიონის მასშტაბით 4 კლასშია შეჩერებული, მოსწავლეები ამ კონკრეტულ სკოლებში დისტანციური სწავლის რეჟიმში არიან გადასულები, მიზეზი კორონა-ვირუსის დადასტურებული შემთხვევა ან კონტაქტია, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პროცესი მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით  რეგულაციების დაცვით შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს,”-განაცხადა დავით ნოზაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები