ხულოში სკოლის შენობა დაიწვა

ხულოში, სოფელ კალოთაში სკოლის შენობა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. სოფელ კალოთის სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობს.
ადგილზე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების მინისტრი და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, უახლოეს დღეებში დაიწყება პროექტირება და სოფელ კალოთას მალე ახალი სკოლა ექნება.

“მეხანძრე-მაშველები ახლაც აგრძელებენ ხანძრის ლიკვიდაციას. დაიწვა საჯარო სკოლა სოფელ კალოთაში. საბედნიოროდ, მსხვერპლი არ არის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობდა. გაიცა შესაბამისი დავალება, რომ უახლოეს დღეებში მოხდეს პროექტირება და ძალიან მალე ამ სოფელს ექნება ახალი სკოლა. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში არ გვქონდეს შეფერხება. განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მოსწავლეებს არ შეექმნათ შეფერხება უწყვეტი განათლების კუთხით“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სასწავლო პროცესის განახლებისთვის, ალტერნატიული ფართი უკვე გამოიძებნა. რამდენიმე დღით მოსწავლეები სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები