ქობულეთში გარდაცვლილი არასრულწლოვნის ბაბუას 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება – შსს-მ ძალადობის ბრალდებით დღეს დააკავა

ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე მოზარდის ბაბუა დააკავეს. განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 75 წლის კაცს შვილიშვილის მიმართ მუქარისა და ძალადობის ბრალდებით, 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ოჯახის წევრი – 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ, 1997 წელს დაბადებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები