ზვიად შალამბერიძე: ყველა მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთეთ და მოსახლეობას მიაწოდეთ ინფორმაცია მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების შესახებ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე ისაუბრეს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ.

ზვიად შალამბერიძემ მერებს, დეტალურად განუმარტა ის პროცედურები, თუ როგორ მოხდება სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება და რა პროცედურები უნდა გაიაროს დაინტერესებულმა პირმა.

“დღეიდან დაიწყო რეგისტრაცია გერმანიაში სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმების მსურველთათვის და სამუშაოს მაძიებელს შეუძლია პირველადი რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე უკვე გაიაროს. საკითხის ირგვლივ ინტერესი მაღალია. ყველა მუნიციპალიტეტს მოგიწოდებთ აქტიურად ჩაერთეთ და მოსახლეობას მიაწოდეთ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ. ასევე, დაეხმარეთ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ტექნიკურ საკითხებში დაჭირდება თქვენი გვერდით დგომა.

აღიშნული შესაძლებლობა არის უდიდესი პროგრესი ქვეყნებს შორის შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისათვის”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, 2021 წლის აპრილის თვიდან შესაძლებელია გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სფეროში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება.

შეთანხმების ფარგლებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, გერმანული მხარის მიერ უზრუნველყოფილი იქნებიან უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოთი (მათ შორის კოვიდ-19 ის პრევენციის მიზნით გათვალისწინებული ყველა ნორმისა და გერმანიაში მოქმედი შრომითი უფლებების გათვალისწინებით).

შეგახსენებთ, რომ სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა დღეიდან უკვე შესაძლებელია და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე : http://workabroad.moh.gov.ge/ გადის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები