დღეს ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.
ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში სწავლა ამ დრომდე ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.
დილიდან ხალხმრავლობა იყო სკოლებთან.
შენობაში შესვლამდე ყველა მოსწავლეს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა.
როგორც მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგმა მარინა ფონაძემ განაცხადა, მოსწავლეთა უმრავლესობამ დისტანციურ სწავლებაზე უარი თქვა, ისინი საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.
“მიუხედავად იმისა, რომ დაძაბული სასწავლო რეჟიმი გვქონდა, დღეს მხიარული გარემოა ჩვენს სკოლაში. მოსწავლეებს მომზადებული დავხვდით, ყველანაირად აღჭურვილი, რათა სწავლება უსაფრთხო გარემოში მოხდეს. მოსწავლეთა უმრავლესობამ სკოლაში მისვლა და სწავლის საკლასო ოთახში გაგრძელება ამჯობინა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება”,- თქვა პედაგოგმა.
ქუთაისში დარეგისტრირებული 28 035 მოსწავლიდან საკლასო ოთახში 26 785 ისწავლის.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საკლასო ოთახიდან ვაგრძელებ სწავლას. სხვა შეგრძნებაა, როდესაც პირადად ნახულობ და ესაუბრები პედაგოგებს, კლასელებს. ძალიან მიხარია კლასელების ნახვა და ვიმედოვნებ, რომ დისტანციურად აღარასდროს მოგვიწევს სწავლის გაგრძელება. ძლივს დავბრუნდით კლასში და ჯობია, ცოტახნით პირბადეებში ვიყოთ”,- აღნიშნა მე-7 კლასის მოსწავლემ სანდრო ოდიშარიამ.
ცნობისთვის, ქუთაისში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.
ქალაქში 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე დისტანციური სწავლება იყო.