“თავად მივმართე პატრიარქს, რომ წალკაში დავბრუნებულიყავი” – გრიგოლ კაცია

წალკის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ, საკვირაო წირვის აღვლენის შემდეგ, განაცხადა, რომ პატრიარქს, წალკაში დაბრუნების შესახებ თავად მიმართა. მიტროპოლიტის თქმით, ამის მიზეზი, წალკის მუნიციპალიტეტში, მღვდელთა რაოდენობის სიმცირე იყო. მან ასევე, ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი დაზიანებული ეპარქია, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად, არსად უნახავს.

„დღეს ეპარქიაში კრიზისია და როგორც ექიმმა, მინდა გითხრათ, რომ ასეთი დაზიანებული ეპარქია, როგორც ფიზიკურად, სულიერად და ფსიქიკურად, არსად მინახავს. 2019 წელს სინოდის გადაწყვეტილებით ჩამოვედი აქ. სამწუხაროდ, დამხვდა სიტუაცია, რომ ეპარქიის მღვდელმთავრებისა და მრევლის ნაწილმა ვერ მიმიღო. სამწუხაროა, რომ ამ ეპარქიაში არის აგრესია და სიძულვილი. ის ბერები და მღვდელმსახურები, ვინც ერთად გაიზარდა და მოღვაწეობენ, ერთმანეთს არ ესალმებიან. მეუფე პეტრე აქ მოღვაწეობდა 14 წელი, დრო და წლები დასჭირდება, რათა განიკურნოს ეს აგრესია“,- განაცხადა გრიგოლ კაციამ.

ცნობისთვის, გრიგოლ კაცია 11 თებერვლამდე მარტვილისა და ჭყოდნდიდის მიტროპოლიტი იყო. 11 თებერვალს გამართულ სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ მეუფე გრიგოლ კაცია წალკაში, საკუთარ ეპარქიაში დაბრუნებულიყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები