“ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალი უნდა დასრულდეს“- მეუფე სტეფანეს პირველი კომენტარი

ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალი უნდა დასრულდეს, განათლება და სახელმწიფოებრიობა, რაც ისტორიულად ამ ეპარქიისთვის მთავარი დატვირთვა იყო, ის უნდა დაუბრუნდეს, – პირველი კომენტარი მეუფე სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობის შეთავსებასთან დაკავშირებით ცაგერის ღვთისმშობლის ტაძარში დილის კვირის წირვაზე ქადაგებისას გააკეთა. მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას აღნიშნა, რომ ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ეკლესიის წიაღში  პოლიტიკურ სკანდალებს ეძებს, რეიტინგის გამო ცდილობენ სიცრუის ტირაჟირებას.

„ღვთის წყალობით, არსად არ მივდივარ, მაგრამ თან მივდივარ, მძიმე ჯვარია, მაგრამ ღვთისაგან მოცემული. მადლობ მე ამისთვის ჩემს პატრიარქსა და სინოდს, რომელთაგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი“,- განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე სტეფანემ მრევლს მის მმართველობასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ კვირის გარკვეული დღეები ლენტეხსა და ცაგერში იქნება, დანარჩენ დროს კი ჭყონდიდის ეპარქიაში იმსახურებს.

“მე იქ არავის წინააღმდეგ არ მივდივარ, მე მივდივარ მშვიდობისთვის, ვიცი, რომ არ არის იოლი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ იქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს და სიხარულით მელოდებიან.  არავისთან არ ვაპირებ დაძაბულობას, სანამ ბრწინვალე შვიდეული არ დასრულდება, მანამდე კომენტარს არ გავაკეთებ, შემდეგ კი პრესკონფერენციას მოვაწყობ და იქ ყველა კითხვას გავცემ პასუხს“,-განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მიტროპოლიტის განმარტებით, ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარება უახლოს ორ კვირაშია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები