ზაზა გახელაძის მეუღლე: სხვილოს ციხესთან საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც არ ვუერთდებით

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი აცხადებს, რომ სხვილოს ციხესთან აქტივისტების დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება.

გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის თქმით, ოჯახი აქციებში ჩართვისგან ჯერ თავს იკავებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამას არ გამორიცხავს.

მისივე თქმით, მეუღლის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების გეგმასთან დაკავშირებით ინფორმაციას სახაზინო ადვოკატისგან ხვალ ელოდება.

„ვიცით, რომ დღეს საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც არ ვუერთდებით. თავს ვიკავებთ, თუმცა, საჭირო თუ გახდა, არ გამოვრიცხავთ, რომ გარეთ გავიდეთ. ვერ ვიტყვი, რომ აქცია დადებითად იმოქმედებს, ვერც იმას ვიტყვი, რომ უარყოფითად.  ჩვენი გადასახედიდან რაღაცის თქმა ძნელია. როცა გწამს, რომ რაღაცას აკეთებ, გგონია, რომ ესაა ადამიანისთვის უპირველესი და აკეთებ სწორად, რამდენად სწორია ეს მეორე მხარისთვის, არ ვიცით.

ველოდებით ადვოკატისგან ზარს. ველოდები, რომ ხვალ დამირეკავს და მეტყვის, რას აპირებს ზაზა, აპირებს თუ არა გასაჩივრებას. ეს იქნება ჩვენი მთავარი კითხვა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს“, – აცხადებს ზაზა გახელაძის, მეუღლე ირმა ბუთხუზი.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ სხვილოს ციხისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავს. როგორც აქტივისტები აცხადებენ, ისინი აქციის გამართვას ზაზა გახელაძის გატაცების ადგილიდან აპირებენ.

ცნობისთვის, სეპარატისტული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები