სხვილოს ციხესთან ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სოლიდარობის აქცია იმართება

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სოლიდარობის ნიშნად სხვილოს ციხესთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები იმ ადგილის სიახლოვეს შეიკრიბნენ, საიდანაც ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე გაიტაცეს.

უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები ოკუპაციას აპროტესტებენ და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

ისინი ასევე საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებს ყველა ბერკეტის გამოყენებისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლის სდაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები