როგორია მარტვილში დამწვარი მანქანის გადარჩენილი მგზავრის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სოფელ ნახუნაოს მკვიდრი მერაბ სიგუა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 38 წლის სტიქაროსანმა – ვაჟა კორსავამ სხეულის დაზიანებები მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მარტვილის საავადმყოფოში გადაიყვანა.
“გადავუღეთ რენტგენი, აქვს დაჟეჟილობები ბეჭის არეში. ვაკვირდებით დინამიკაში და მალე გაეწერება. როგორც თვითონ ამბობს, არცერთ ტაძარში არ მსახურობს, სახლშია, თუმცა სასულიერო პირის ანაფორა აცვია”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” მარტვილის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გიორგი ხორავამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრები სოფელ გაჭედილიდან დიდი ჭყონის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.