ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე-ამბროლაურში დასუფთავების აქცია გაიმართა
ამბროლაურში დასუფთავების აქცია გაიმართა. ქალაქის ქუჩები, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო მასალებისგან გაიწმინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი განცხადებით, ქალაქის დასუფთავება ამბროლაურის სერვისცენტრისა და დასუფთავების სამსახურის ჩართულობით განხორციელდა. ამბროლაურში ასეთი სახის აქციები პერიოდულად იმართება და შესაბამის სამსახურებთან ერთად სხვადასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციები, ა(ა)იპ-ები და ადგილობრივი მოსახლეობა ერთვება. ,, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქის, ისე სოფლების დასუფთავება და ნარჩენების გატანა ინტენსიურად ხორციელდება. პარალელურად ვგეგმავთ მასშტაბურ აქციებს, სადაც სხვადასხვა სამსახური და მსურველი მოქალაქეები ერთიანდებიან და საკუთარი მუნიციპალიტეტის იერ-სახის მოწესრიგებაზე ზრუნავენ. მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ არ დავანაგვიანოთ, გავუფრთხილდეთ გარემოს და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზ “’-მიმართა მუნიციპალიტეტის მერის ზვიად მხეიძემ თანამოქალაქეებს.