აჭარაში ციტრუსის სეზონი დასრულდა – წელს გასულ წელთან შედარებით 25%-ით მეტი სტანდარტული მანდარინი გავიდა ექსპორტზე
აჭარაში ციტრუსის სეზონის 2020-2021 წლის მიმდინარეობის შესახებ, საკოორდინაციო შტაბმა მინისტრს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის გიორგი სურმანიძის განცხადებით, შტაბის ძირითადი მიზანი ციტრუსის ჩაბარების მართვა იყო.
,,ციტრუსის შტაბის ძირითადი მიზანი იყო მანდარინის ჩაბარების პროცესის მართვა, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, არსებული პრობლემების გამოვლენა, გადაჭრის გზების დასახვა და შესაბამისი რეაგირება”- განაცხადა გიორგი სურმანიძემ.
ბოლო მონაცემებით, ექსპორტირებულია 39000 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით, 25% მეტია. რაც შეეხება არასტანდარტულ მანადრინს საწარმომ მიიღო და გადაამუშავა 10,700 ტონა.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ციტრუსის სუბსიდირებისათვის და საექსპორტო მანდარინის ორგანიზებულად ექსპორტირების მიზნით, აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი მუშაობდა.