ქუთაისში სოციალური საცხოვრისი მოეწყობა
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, სოციალური საცხოვრისი მოეწყობა. ამის შესახებ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა განაცხადა. მისი თქმით, გუგუნავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრისის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვაზე, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით, 42 ბინის მოწყობაა გათვალისწინებული.
“ქუთაისის მერია ახორციელებს გუგუნავას ქუჩაზე, ნომერ 12-ში, არსებული შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის, სავარაუდო ღირებულება 966 310 ლარია.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ამ ოთხსართულიანი შენობის სრული რეაბილიტაცია, რეკონსტურქციის ჩათვლით, რაც გულისხმობს იმას, რომ შიდა ტიხრები უნდა დაინგრეს და შენობა გადაკეთდეს ისე, რომ გამოვიდეს 42 ერთეული ერთოთახიანი ბინა.
ამის შემდეგ ჩატარდება მისი სახურავის, ფასადის, წყლის სისტემის, ელექტროობის და მოპირკეთების სამუშაოები. ყველაფერია ამ პროექტში გათვალისწინებული, გარდა ინვენტარისა, რომლის შესყიდვაც აბსოლუტურად სხვა სასაქონლო კლასიფიკატორში შედის”,-განაცხადა მირზა ხიდაშელმა.