მარტოხელა მოხუცი გორის მერიის შუამდგომლობით მცხეთის მოხუცთა თავშესაფარში იცხოვრებს
73 წლის მარტოხელა მოხუცი ცხოვრებას მცხეთის თავშესაფარში გააგრძელებს. სევერიან შოთაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სოციალური სააგენტოს შუამდგომლობით, მცხეთის მოხუცთა თავშესაფარშია გადაყვანილი.
მოხუცს, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას გადიოდა. მისი მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კი, მოხდა თავშესაფარში გადაყვანა.
სევერიან შოთაშვილი ბოლო რამოდენიმე თვეა გორში, კვერნაკის დასახლებაში, ყოფილი სისხლის გადასხმის შენობის დარაჯის ოთახში, ყველანაირი საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე ცხოვრობდა. მანამდე ის თავს მეგობრის სახლში აფარებდა. მას შემდეგ, რაც მერიის მიერ მოხდა ამ ადამიანის შესახებ ინფორმირება, მერია დაეხმარა მას დოკუმენტაციის მოწესრიგებაში და თავშესაფრის მოძიებაში.
მცხეთაში წაყვანამდე მარტოხელა მოხუცი გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ პაატა ივანიშვილმა და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა დავით ჩიხრაძემ კიდევ ერთხელ მოინახულეს. „მას დღეიდან ექნება მოწესრიგებული საცხოვრებელი პირობები და თავშესაფარი იზრუნებს მის მოვლა – პატრონობაზე. გორის მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს და გაუუმჯობესოს ყოფა – ცხოვრება ასეთ ადამიანებს. მიხარია, რომ ბატონი სევერიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და თავს ბევრად უკეთესად გრძნობს“ – აღნიშნა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა დავით ჩიხრაძემ.