უფლისციხესთან მისასვლელად, მტკვარზე ახალი ხიდი შენდება
მდინარე მტკვარზე, უფლისციხესთან მისასვლელ გზაზე ახალი ხიდი შენდება. ამ დროისთვის, მოწყობილია 2 მალის ნაშენი და მიმდინარეობს დანარჩენი ბურჯების მოწყობის სამუშაოები.
ხიდი, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელ გზაზე მდებარეობს და მისი სიგრძე 119 მეტრი იქნება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ არსებული ხიდი დაზიანებული იყო და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელი გახდა ახალი ხიდის მშენებლობა.
„ახალი რკინა-ბეტონის სახიდე გადასასვლელი, სრულად მოაგვარებს უსაფრთხო გადაადგილების პრობლემას, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.