ბორჯომის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდამჭერი” პროგრამის ფარგლებში შეხვედრები იწყება
15 თებერვლიდან, ბორჯომის მერია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. რიგით პირველი შეხვედრა ახალდაბასა და ყვიბისში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია“რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
“საკონსულტაციო შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში გაიმართება. სოფლის კრებებზე ადგილობრივი მცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ, რა არის მათთვის პრიორიტეტული და რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა”,-აცხადებენ ბორჯომის მერიაში.
ცნობისთვის, 2021 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ თანხას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 436 000 ლარის ოდენობით დაემატება.ჯამში სოფლებში შერჩეული პროექტების განხორციელებაზე 872 000 ლარი დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.