კახეთში მთავარ გამოწვევად წყალმომარაგების საკითხი რჩება- მხარის ახალი რწმუნებული სამომავლო გეგმებზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ რეგიონებში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა. კახეთის მხარეში აღნიშნულ თანამდებობა ირაკლი შიოშვილმა დაიკავა.

“რეგიონულ კვირა” კახეთის ახლადდანიშნულ რწმუნებულს დაუკავშირდა და იმ გეგმებზე ესაუბრა, რომელთა განხორციელებასაც პირველ რიგში აპირებს.
ირაკლი შიოშვილის თქმით, აუცილებელია რეგიონში, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება კვლავ აქტიურად განხორციელდეს. ამავდროულად, ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა პროექტები დაიგეგმოს.

“2020 წელს კახეთი შერჩეულ იქნა საპილოტე რეგიონად და რეგიონს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებლობა მიეცა კონკურსის წესით შეერჩია ტურიზმის ხელშეწყობისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მიზნით რამდენიმე პროექტი, 2 პროექტი – სოფელი ბაბანეურის გზა და ქ. თელავში 2 ბიზნეს ობიექტამდე მისასვლელი გზის მშენებლობა უკვე დასრულდა. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს მესამე პროექტი – მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მშენებლობა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შესაბამისად პრიორიტეტული მიმართულებებიც. წელს დაგვემატა ურბანული განვითარება, რაც ქალაქ თელავს განვითარებისა და რეგიონში მიზიდულობის ცენტრად შექმნის შესაძლებლობას მისცემს.
ამავდროულად, რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის ძალაში დარჩება ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით განსახორციელებლი პროექტები.”,- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით,
მიმდინარე წელს, რეგიონის პრიორიტეტულ საკითხად, კვლავ წყალმომარაგების მოგვარება რჩება. ირაკლი შიოშვილმა ” რეგიონულ კვირასთან” განაცხადა, რომ 2021 წელს, ამ კუთხით, ახალი ქსელების მშენებლობა მასშტაბურად განხორციელდება.

” რაც შეეხება გამოწვევას, მოგახსენებთ, რომ კახეთისთვის ნომერ პირველ გამოწვევად წყალმომარაგების გაუმჯობესება რჩება და ამ კუთხით მუშაობა არცერთი დღე არ შეგვიწყვეტია
2021 წელს მასშტაბურად განხორციელდება წყალმომარაგების ახალი ქსელების მშენებლობა რეგიონში”,- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები