იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და შშმ ბავშვებისთვის ცაგერში ახალი პროექტი დაიწყო
ცაგერის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრმა ასოციაცია „თანხმობასა“ და პარტნიორ ორგანიზაცია „მეწარმე ქალთა“ ფონდთან ერთად „იძულებით გადაადგილებულ პირთა და საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მედეგობის ამაღლება კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეული კრიზისის შემდგომ პერიოდში“ პროექტი განახორციელა. როგორც „მეწარმე ქალთა“ ფონდის პროექტების ასისტენტი ნატრული ნაჭყებია „რეგიონულ კვირასთან ამბობს, პროექტის ფარგლებში ორგანიზაციას სხვადასხვა სამედიცინო საშუალება გადასცეს.
„დღეს პროექტის ფარგლებში ორგანიზაციას სატურაციის აპარატები, სიცხის საზომი თერმომეტრები, შაქრის საზომი ხელსაწყოები, მედიკამენტები და სხვადასხვა სახის სადეზინფექციო აქსესუარები გადავეცით“, – განაცხადა ნატრული ნაჭყებიამ.
ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრის დირექტორის მოადგილე იზა ჩაკვეტაძე მოწყვლად ჯგუფებზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ მათ დასახმარებლად ცენტრი სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში იღებს მონაწილეობას.
„პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირებზე, ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და შშმ პირებზეა გათვლილი, მართალია ჩვენი ცენტრი მერიის დაქვემდებარებაშია და ბიუჯეტიდან ვფინანსდებით, მაგრამ ვცდილობთ ტვირთად არ დავაწვეთ ბიუჯეტს, ამიტომ სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში სხვა დაფინანსების წყაროების მოსაპოვებლად ვიღებთ მონაწილეობას, დღევანდელი დღეც ამის მაგალითია. რადგანაც ორგანიზაციას ჰყავს კვალიფიციური ექიმი, მედდა და ფსიქოლოგი, გადავწყვიტეთ ასეთი იდეა შეგვეთავაზებინა დონორი ორგანიზაციებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რომ მოგვიტანეს ყველა ის საჭირო აღჭურვილობა, რომელიც პროექტის სრულად განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს“,- თქვა იზა ჩაკვეტაძემ.
მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში ამ პროექტისთვის სპეციალური სივრცე და დღეები გამოიყოფა რაც ბენეფიციარებს სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს.