გზები და გარე განათება – ლელიანისა და ფონის თემში საერთო კრებაზე პროექტები შეარჩიეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
ჯონდო მდივნიშვილი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატთან – ირაკლი ქადაგიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიასთან ერთად, ლელიანისა და ფონის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანზე, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერებასა და უშუალოდ მათ მიერ დასახული პრიორიტეტების შერჩევის შესახებ ისაუბრა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს და სოფლის აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდეს, თქვენთან კონსულტაციები და ჩართულობა მნიშვნელოვანია“ – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
ლელიანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ შვიდივე სოფლის მაცხოვრებლების შეთანხმებით, სტადიონისა და ამბულატორიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიგეგმა, ხოლო ფონის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობამ სოფელ ფონის ცენტრამდე მისასვლელი გზის გარე განათების მოწყობა გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები