რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების 5 ახალი შემთხვევა საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეს უკავშირდება
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან 5 რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 78, ქვემო ქართლი – 23, შიდა ქართლი – 43, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 57, კახეთი – 38, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
“რეგიონული კვირა“ ცაგერის, ონის, და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელებს თეა გურგუჩიანს, ნატო დვალს, ლენტეხის ეპიდემიოლოგ ლამზირა ბენდელიანს დაუკავშირდა. მათი განმარტებით, გამოვლენილი 5 ახალი შემთხვევიდან 3 ცაგერის, ერთი ლენტეხის და ერთი ონის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია. ახალი კორონავირუსით დაინფიცირება ცაგერისა და ლენტეხის სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეს უკავშირდება. „გუშინ ჩატარდა პედაგოგთა ტესტირება, სამწუხაროდ მუნიციპალიტეტის სოფელი ჩქუმის საჯარო სკოლის 2 პედაგოგსა და ერთ მოსწავლეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ“,-განაცხადა ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა.
ლენტეხის ეპიდემიოლოგის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორია-„ ლენტეხის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის პედაგოგების ტესტირებამ, რომელიც გეგმიური იყო და ყოველ ორ კვირაში ტარდება, დაინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოავლინა, რომელიც სკოლის დირექტორს უკავშირდება“,-განაცხადა ლამზირა ბენდელიანმა.
სპეციალისტების განცხადებით, დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდამ თვითიზოლაციაში მყოფთა ზრდაც გამოიწვია და ამ მომეტისთვის მხარეში 60-მდე ადამიანია დაკვირვების ქვეშ.