ლანჩხუთში მომხდარი ავარიისას დაშავებული დედის და შვილების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკა “მედალფას” დირექტორმა რევაზ კვერენჩხილაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ოჯახის სამივე წევრი კლინიკიდან დღეს გაეწერება.
“დაშავებულები უკვე ეწერებიან, 14 წლის გოგონას აქვს ლავიწის ძვლის მოტეხილობა, დანარჩენების მდგომარეობა უფრო მსუბუქია, მათი მდგომარეობა სტაბილურია”,- განაცხადა რევაზ კვერენჩხილაძემ.
შემთხვევა ლანჩხუთში, აცანა მამათის გზაზე მოხდა, რა დროსაც ხევიდან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც დედა, მამა და სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად, 50 წლის მამაკაცი დაიღუპა, დაშავებულები კი “მედალფას” კლინიკაში იყვნენ გადაყვანილი.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.