რთველი 2021-ის ფარგლებში ყურძნის ხარისხის კონტროლი მკაცრდება
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი მკაცრდება. კერძოდ, ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება.
ასევე, ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე, კონტროლი გამკაცრდება.
აღნიშნული ცვლილებები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან თელავში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დროულად იყოს მიტანილი მევენახე ფერმერებამდე. ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებენ სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, უახლოეს დღეებში დაიწყებენ შეხვედრებს რეგიონებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან. გარდა ამისა, მიმდინარე წელს იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება, მუდმივი პროცესია და სწორედ ვენახის მოვლასა და ყურძნის კონდიციაზეა დამოკიდებული ღვინის ხარისხი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია და, შესაბამისად, საექსპორტო ფასი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, კადასტრის პროგრამის დასრულება და მის საფუძველზე რთველის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონისთვის, სადაც ვენახების ფართობები ყოველწლიურად იზრდება, რთველის ორგანიზებულად ჩატარება კი, ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.