პარმენ მარგველიძე: ძლიერი რეგიონები არის ძლიერი სახელმწიფო
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სახელისუფლებო გუნდს, გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა, რათა კვლავ მაქვს შესაძლებლობა, მივიღო მონაწილეობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის განვითარების პროცესში, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ახლადდანიშნულმა სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძლიერი რეგიონები ძლიერი სახელმწიფოს საწინდაეია და ხელისუფლება ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონების თანაბრად განვითარებას.
„ჩემთვის ეს რეგიონი გახლავთ მშობლიური, მე იქ დავიბადე, იქ ვცხოვრობ, იქ დავაგროვე ჩემი სამუშაო გამოცდილება და მათ შორის ვიყავი აღნიშნულ თანამდებობაზე 2013-2017 წლებში. ჩემთვის კარგად არის ცნობილი რეგიონის სპეციფიკა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი მხარე, განვითარების რა შესაძლებლობები აქვს და ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც საკმაოდ დიდი აქვს ჩვენს რეგიონს. ზოგადად, ძლიერი რეგიონები ეს არის ძლიერი სახელმწიფო და ხელისუფლებაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონების თანაბრად განვითარებას, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, რასაც მოწმობს ის განხორციელებული მიზნობრივი პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები, იგივე მთის კანონი და ა.შ. ყველა ეს პროგრამა განკუთვნილია იმისთვის, რომ რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და მიგრაციული პროცესები შემცირდეს, რაც ასე აწუხებს უკვე ათეული წლებია მაღალმთიან რეგიონებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად ჩვენს პარლამენტთან ერთად და სახელისუფლებო გუნდთან, სამხარეო სამსახურებთან ერთად შევძლებთ, უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი რეგიონი, უფრო მეტად განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და ყველა გამოწვევას, რომელიც იქნება ადგილზე, გავუმკლავდეთ“, – განაცხადა პარმენ მარგველიძემ.