სამართალდამცველებმა ჩხოროწყუში ათასობით კოლოფი უაქციზო თამბაქო ამოიღეს
სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 3970 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა.
ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.