საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა თერჯოლაში ბუნებრივი აირის სატუმბი ორი ავტომობილი აფეთქებას გადაარჩინეს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თერჯოლაში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 204-ე კილომეტრის მიმდებარედ ბუნებრივი აირით დატვირთულ ავტომანქანებს ცეცხლი გაუჩნდათ. ავტომობილები გაზგასამართ სადგურზე იდგნენ და არსებობდა როგორც აფეთქების, ასევე, ცეცხლის გვერდით მდგარ მანქანებზე გავრცელების საფრთხე.
შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებს გაზ გასამართ სადგურზე დახვდათ ორი სატუმბი მოწყობილობით და ბალონებით დატვირთული ავტომანქანა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა სიტუაციის სირთულის გათვალისწინებით დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა არსებული საფრთხის თავიდან არიდება და ხანძრის დროული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.