„ველოდებით სპეციალისტების დასკვნებს და დავიწყებთ გზის გაწმენდას“- ღვარდიაშის გზაზე კლდე ჩამოიშალა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვარდიასთან მისასვლელ გზაზე ჩამოცვენილმა კლდის მასამ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე გარკვეული პრობლემები შექმნა. როგორც “რეგიონულ კვირას” რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა განუცხადა, სოფელ ღვარდიასთან ჩამოსული მასა საკმაოდ მოცულობითია და მისი გაწმენდა დილიდან დაიწყო.
“სოფელში 15 ოჯახი ცხოვრობს, მართალია სატრანსპორტო საშუალებები ამ წუთისთვის ვერ გადაადგილდება, მაგრამ არის საფეხმავლო შემოვლითი გზა , რომლის საშუალებით მოძრაობა შესაძლებელია. ჩვენ აღნიშნული მონაკვეთის გაწმენდას გუშინვე დავიწყებდით, თუმცა გავითვალისწინეთ სპეციალისტთა რჩევები. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჩამოსული მასის თავზე არის კლდე, რომელმაც მუშაობის პროცესში შეიძლება დამატებითი რისკები გამოიწვიოს. ამიტომ ველოდებით გეოლოგებს, რომლებიც დღეს ჩამოვლენ და ჩვენ მათი რეკომენდაციებით ვიხელმძღვანელებთ“, – განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა.
რწმუნებულის განმარტებით, სოფელში შესულია 112 -ის სამსახურის მანქანა, შესაბამისად, მოსახლეობას გაეწევა ყველა ის საჭირო დახმარება. ასევე, სოფელში უკვე შეტანილია საკვები პროდუქტები და სხვა საჭირო მოხმარების ნივთები.
შეგახსენებთ, გუშინ, ამბროლაურის სოფელ ღვარდიაში, უხვმა ნალექმა გზის გარკვეულ მონაკვეთზე , კლდოვანი მასის ჩამოშლა გამოიწვია.