„მუნიციპალიტეტის წარმატება დამოკიდებულია თითოეულ თქვენგანზე“- შეხვედრა ამბროლაურის მერიაში
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან მორიგი ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ხელმძღვანელობდა.
მერიაში სამსახურების ხელმძღვანელებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს .
აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ქ. ამბროლაურში და ყველა თემში ახალ პროექტებზე აქტიური სამუშაოები დაიწყება .
შეხვედრაზე სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული პროგრამების მიმდინარეობა განიხილეს. პროგრამის ფარგლებში გასულ წელს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ1000-მდე მოქალაქეს სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია. ზვიად მხეიძემ
სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა და შესაბამის სამსახურებს პერიოდული მონიტორინგი დაავალა და განმარტა, რომ აღნიშნული ღონისძიება რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვისკენაა მიმართული.
„სწორედ სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგია მუნიციპალიტეტში არსებული სტაბილური მდგომარეობა, მივმართავ მოსახლეობას თხოვნით- კვლავ გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე კოვიდ 19-ის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით“,-განაცხადა ზვიად ამბროლაურის მერმა.
მან ეფექტური მუშაობის მისაღწევად სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.
“გთხოვთ, დროულად ვუპასუხოთ გამოწვევებს, სწრაფი რეაგირება გამოვიჩინოთ მოქალაქეთა პრობლემების მოგვარებაზე, შევეცადოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობები. მუნიციპალიტეტის წარმატება დამოკიდებულია თითოეული თქვენგანის აქტიურობასა და საქმისადმი დამოკიდებულებაზე,” – განაცხადა შეხვედრაზე ზვიად მხეიძემ.