ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – მგზავრობის ღირებულება უცვლელია
ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან ამოქმედდა.
ტრანსპორტი მოსახლეობას დილის 8 საათიდან, საღამოს 20:45 საათამდე მოემსახურება. მგზავრობის ღირებულება კი ამ ეტაპზე, უცვლელი დარჩება.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი შეიცვლება.
“ავტობუსებში მალე დაინერგება ელექტრონული გადახდის სისტემა, რაც გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე ხელზე თანხის გადახდა. ბილეთის შეძენა ყველა გადახდის აპარატში იქნება შესაძლებელი. არსებული შეღავათები შეუნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და ისინი იმავე პირობებით ისარგებლებენ, რაც აქამდე ქონდათ.
ავტობუსით მგზავრობის ღირებულება შენარჩუნდება და 40 თეთრი იქნება.
ავტობუსებში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები”,-ამბობს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ტრანსპორტი არ იმუშავებს შაბათ-კვირას. დღეიდან ასევე ამუშავდა ბაზრობები და მაღაზიები.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს დიდ ქალაქებში 28 ნოემბრიდან იყო შეწყვეტილი.