პრემიერთან ერთად, ხელისუფლების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძის დაკავების საკითხი განიხილეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რათა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს. ამის შესახებ ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის დაკავება ერთმნიშვნელოვნად არის უკანონო და ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული.
„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის 12,5 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გამოტანილი უკანონო განაჩენის თაობაზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელების შემადგენლობით გაიმართა სიღრმისეული მსჯელობა. შეხვედრაზე ჩვენი კომპეტენციების მიხედვით წარმოვადგინეთ დღემდე განხორციელებული საქმიანობა, ინტენსიური ნაბიჯები, როგორც ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, ისე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ასევე, ვიმსჯელეთ სამომავლო ნაბიჯებზე. ეს შემთხვევა ერთმნიშვნელოვნად არის უკანონო და ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომლის საფუძველზეც რუსეთს ერთმნიშვნელოვნად, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ჩვენს რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით. ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ იმ მიზნით, რომ უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქე, რომელიც დღეს არის პატიმრობაში, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ“, – განაცხადა ახვლედიანმა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.