გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 28 კლასი სწავლას დისტანციურად განაგრძობს

გორის მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლებში ამ დროისთვის ოთხი პედაგოგია კოვიდინფიცირებული. გორის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, საკარანტინო პერიოდის ვადის ამოწურვამდე, აღნიშნული პედაგოგები გაკვეთილებს დისტანციურ რეჟიმში ჩაატარებენ.

„ამ დროისთვის, ოთხი პედაგოგი გვყავს კოვიდდადებითი, მათ შორის, ერთი – მეთორმეტე, ერთი – ფლავის და ორიც მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში. ოთხივე მათგანის შემთხვევაში, ვირუსული ინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და სტაციონარიზაცია საჭირო არ გახდა, თავს კარგად გრძნობენ. თვითიზოლაციის ვადის ამოწურვამდე, აღნიშნული პედაგოგები გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ“, – განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ამასთან, მშობლების მიმართვის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტში მოქმედ 67 საჯარო სკოლაში 28 კლასი სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. აღნიშნულის გარდა, ონლაინსწავლების სურვილი გამოთქვა ქალაქის სკოლების 130-მა მოსწავლემ, შესაბამისად, აღნიშნულ მოსწავლეებს ონლაინგაკვეთილები ინდივიდუალურად ჩაუტარდებათ.

“მოგეხსენებათ, განათლების სამინისტრომ მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა. არჩევანის დაფიქსირების ვადა 3 თებერვალს ამოიწურა და შესაბამისად, ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, სად რომელი კლასი გადადის დისტანციური სწავლების მოდელზე. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებულ 67 საჯარო სკოლაში 28 კლასი განაგრძობს სწავლას ონლაინ ფორმატით, ანუ, აღნიშნულ კლასებში დისტანციური სწავლების სურვილი მოსწავლეებისა და მათი მშობლების 70%-მა დააფიქსირა, აღნიშნულის გარდა, რაც შეეხება ქალაქის სკოლებს, გორის 10 სხვადასხვა სკოლაში 130-მა მოსწავლემ ინდივიდუალურად დააფიქსირა ონლაინ სწავლების სურვილი, შესაბამისად, ამ მოსწავლეებისთვის გაკვეთილები ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში”, – განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დისტანციური სწავლების მოდელზე კლასი იმ შემთხვევაში გადადის, თუ მოსწავლეთა 70% ონლაინსწავლების სურვილს გამოთქვამს. კლასში ონლაინსწავლების ერთი ან რამდენიმე მსურველის დაფიქსირების შემთხვევაში კი, საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილის პარალელურად, პედაგოგს ონლაინ გაკვეთილის ჩატარებაც მოუწევს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები